მთავარიპოლიტიკა

თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი ირანის წინააღმდეგ:  რაში ევაჭრება ერდოღანი თეირანს

სამხრეთ კავკასიაში პრეზიდენტების, საგარეო საქმეთა მინისტრების, უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელების ორმხრივი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრების დღის წესრიგში ძირითადად უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხებია. 19 ივლისს თურქეთის პრეზიდენტი ირანში მიემგზავრება, ცოტა ხნის წინ თეირანში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, სომხეთში ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამხანი. რეგიონული ექსპერტის ჰარუთ ართინ-არაქელიანის მოსაზღებით,  შამხანის განცხადება ერევანში გამიზნული იყო თურქეთისთვის და არა აზერბაიჯანისთვის. მეზობელი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ერევანში კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირანი მიუღებლად მიიჩნევს რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანი მხარს უჭერს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ფარგლებში ინფრასტრუქტურის განბლოკვის პროცესს.

სომხურ-თურქული შეთანხმებების, ასევე რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის ფონზე, სომხურ-აზერბაიჯანული დემარკაციისა და დემარკაციის პროცესების ფონზე, თეირანმა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის დონეზე განმარტა წითელი ხაზები, რასაც  რეგულარულად მოიხსენიებს  ოფიციალური თეირანი.

ექსპერტი ხაზს უსვამს,  რომ ირანი და თურქეთი კონკურენტები არიან და ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა.

„ირანის გზავნილი თურქეთისთვის ასეთია: უხეშად რომ ვთქვათ, „ფრთხილად“ იმიტომ, რომ რეგიონში არის სხვა მოთამაშეც. სირიაში ირანი შეეცდება ისე გააკეთოს, რომ ერდოღანმა  რომც სცადოს ალეპოს ხელში ჩაგდება, რაც მის გეგმებშია, გაიჭედეს და იქიდან ვერ გამოვიდეს. ხოლო თუ ერდოღანი წარმატებას მიაღწევს, ჩვენ ვიხილავთ გავლენიან თურქეთს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ირანის ეროვნულ უსაფრთხოებასა და მთავარ ინტერესებს. ამიტომაც ირანმა  არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა მისი წითელი ხაზია. ირანმა კარგად იცის რუსეთისა და ევროპისაკენ მიმავალი  მთავარი მარშრუტები, რომლებიც არ გადიან  თურქეთის გზებზე –  ეს სომხეთია“, – ამბობს ანალიტიკოსი.

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრისას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში დერეფნის ლოგიკით არავითარი საკითხი არ განიხილება.  ალი შამხანიმ  ამ კონტექსტში ასევე განაცხადა, რომ დაცული უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. მიუხედავად ამ განცხადებებისა, აზერბაიჯანელი და თურქი მაღალჩინოსნები რეგულარულად აცხადებენ, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ მალე  რეალობად იქცევა.

„აზერბაიჯანი და თურქეთი რეგიონში ერთმანეთს პასს აძლევენ და რაც არ უნდა დიპლომატიური ღიმილით შეხვდნენ და სურათები გადაიღონ, ანტიირანული ალიანსი, რომელსაც ისინი თამაშობენ რეგიონში, ცდილობს აიძულოს ჩინეთის სავაჭრო გზები ევროპისკენ თურქულ და თურქულ ენოვან ქვეყნებზე გაიაროს  და არა ირანის ან ირან-სომხეთი-შავი ზღვის ან რუსეთის გავლით. ეს არის ეკონომიკური ბრძოლა. ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც დღეს იბადება, თურქეთი ცდილობს მესამე ძალის როლი აიღოს. თუ წარმატებას არ მიაღწევს, ის ასპარეზს მიღმა დარჩება“, – ამბობს ექსპერტი ართინ-არაქელიანი.

19 ივლისს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიემგზავრება ირანში, დღის წესრიგშია რეგიონული მოვლენები, თურქეთს, ირანსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის სავაჭრო დერეფანი, ენერგეტიკული კრიზისი, პლატფორმა „3+3“ და სირიაში არსებული ვითარება.

შესაძლებელია თუ არა, ერდოღანმა ირანის პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისს გაუკეთოს ასეთი შეთავაზება, რის სანაცვლოდ თეირანი უარს იტყვის ადრე გამოცხადებულ „წითელ ხაზებზე“ და არ იქნება „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის წინააღმდეგი?

ექსპერტი ირანის მხრიდან მსგავს ვაჭრობას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ირანი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან „ანაკონდა“ საბოლოოდ შეიფუთება და ირანი თურქეთის გავლენის ზონაში დარჩება. ირანს აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო სრუტე, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ვაჭრობაზე. „არ მგონია რომ თურქეთმა ირანს  ტერიტორია შესთავაზოს, რის სანაცვლოდ ირანი უარს იტყვის თავის მიდგომებზე,  ეს ფანტაზიაა“, – ამბობს ჰარუთ ართინ-არაქელიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button