სანქციების გვერდის ავლის გამო აშშ-ი აფრთხილებს საქართველოსაც 
აშშ-ს ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელმა (FinCEN) და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ გაავრცელეს გამაფრთხილებელი წერილი რუსეთისა და ბელორუსის მიერ სანქციების გვერდის ავლის შესახებ, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები, – წერს aliq.ge. აშშ-ს სამთავრობო უწყებები აფრთხილებენ ფინანსურ ინსტიტუტებს, გამოიჩინონ სიფრთხილე პროდუქტებთან ურთიერთობისას. დოკუმენტი 28 ივნისს გამოქვეყნდა, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტია „დროა“-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წარმოადგინა. „აშშ ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელისა და კომერციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის საზღვაო სავაჭრო გზა, რომელსაც რუსეთი და ბელარუსი იყენებენ სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად. ეს საგანგაშო ინფორმაციაა, რადგან დოკუმენტში საუბარია აგრესორი სახელმწიფოს მიერ სანქციებისათვის გვერდის ავლაზე საქართველოს საზღვაო გზით“, – განაცხადა ხოშტარიამ.