საზოგადოება

საქართველოში ხაჭაპურის ფასი 28,1 პროცენტით გაიზარდა

ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, ივნისის მდგომარეობით საქართველოში ხაჭაპურის ფასი 28,1 პროცენტით გაიზარდა, წერს „ალიქ მედია“. ივნისში ერთი იმერული ხაჭაპურის დამზადების საშუალო ფასი 5,39 ლარი იყო, რაც 2,7 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი გაიზარდა.

ISET-ი ,,ხაჭაპურის ინდექსს“ იყენებს კალათას ინფლაციის გამოსათვლელად, რომელიც შეიცავს მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს. ესენია: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსში ასევე შედის გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯები. შესაბამისად, ყველაზე მეტად მოიმატა ფქვილის ფასმა: 46,1 პროცენტი, კვერცხი – 38,9 პროცენტი, კარაქი – 22,7 პროცენტი, რძე – 13,9 პროცენტი, საფუარი – 13 პროცენტი.

„სურსათის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ქსელში არსებულმა სირთულეებმა საკვების დეფიციტი გამოიწვია. გარდა ამისა, იზრდება სასუქებისა და ენერგიის ხარჯებიც, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს ადგილობრივ ფასებზე“, – აღნიშნა ISET-მა.

ნახეთ მეტი
Back to top button