მთავარიპოლიტიკა

საქართველო: შუამავალი თუ პლატფორმა? სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეხვდნენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ დღეებში თბილისში პირველად შეხვდნენ. არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თანდასწრებით გამართეს მოლაპარაკება.

ამ უკანასკნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მედიაციის ინიციატივა წარმატებით ხორციელდება, ორი ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკების პროცესმა უკვე გამოიღო კონკრეტული და ხელშესახები შედეგები საქართველოს, როგორც შუამავალი ქვეყნის ძალისხმევით.

სომხურ-აზერბაიჯანულ დიალოგთან დაკავშირებით საქართველოში ხელისუფლების აქტიურობას ზოგადად მიესალმება როგორც ადგილობრივი ოპოზიცია, ასევე პოლიტიკური საზოგადოება, მაგრამ ის სხვადასხვაგვარად არის განმარტებული. იქცევა თუ არა თბილისი სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის პლატფორმად?

ზოგიერთი საექსპერტო წრე ამტკიცებს, რომ თბილისი ვერ იქნება შუამავალი, მას შეუძლია მხოლოდ სივრცის უზრუნველყოფა, კომფორტული გარემოს შექმნა, ჩაი და ყავის მირთმევა და მშვიდი საუბრისთვის კარის  მიკეტვა.

“ქართულ-ევროპული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის თბილისში ბრიუსელში გამართული შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთი ცდილობს გააქტიურდეს კავკასიაში და განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, მაშინ როცა რუსეთი უკრაინით არის დაკავებული.

„ევროპისაკენ მიმსწრაფავ საქართველოს  აქვს კარგი ურთიერთობა კონფლიქტის ორივე მხარესთან, შეიძლება გახდეს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ დასავლეთთან ერთად.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი თუმასიანი კი აღნიშნავს: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსი ოლიგარქის მარიონეტებია, შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს მოსკოვშიჩატარებულად,  მისი თბილისში ჩატარება ყურადღების გადასატანადაა გამიზნული“.

ის აღნიშნავს, რომ პრემიერ ღარიბაშვილი საშინაო თუ საერთაშორისო წონის არქონის გამო მსგავს შეხვედრებს ვერ წარმართავს, საქართველო ვერ იქნება მოლაპარაკებების ნეიტრალური ზონა, რადგან ის მონაწილეობს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო პროექტებში აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

„სომხური მხარე არ უნდა იყოს დაინტერესებული მსგავსი შეხვედრებით. სომხური მხარისთვის მხოლოდ ოფიციალურია  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატით გამართული შეხვედრა.  ამ შემთხვევაში რეალურად ხდება ის, რომ მინსკის თანათავმჯდომარეობის დატოვების შემდეგ რუსეთს შეუძლია შეხვედრის მთავარი ადგილი შეცვალოს. ეს ფორმატი არ შედის სომხეთის ინტერესებში“.

ქართველი კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი დასძენს, რომ ეს არის მხოლოდ სიმბოლური შეხვედრის პლატფორმა, რაც პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ საქართველო მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებს.

„საქართველოს ნამდვილად სურს პოზიტიური როლის შესრულება მეომარ მეზობლებს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტაში. თბილისს შეუძლია ამ პროცესებში მხარდამჭერი როლის შესრულება, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები, მას არ აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, რომ გავლენა მოახდინოს ან აიძულოს მხარეები მშვიდობისკენ წავიდნენ. საქართველო შეიძლება იყოს მხოლოდ პლატფორმა, ქართველი ჩინოვნიკები კი შუამავალი, ალიევსა და ფაშინიანს შორის დიალოგისთვის“.

44-დღიანი ომის დღეებში ქართველ ექსპერტთა ჯგუფმა მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით თბილისში შეხვედრის გამართვის ინიციატივით. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი თავის მზადყოფნას განახორციელოს მედიაცია და შექმნას პლატფორმა დიალოგისთვის.

დღეს ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქართველოს მედიაციის ინიციატივა წარმატებით განხორციელდა. „დღეს საქართველოში განსაკუთრებული დღეა. თბილისი მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან დიალოგს, რომელიც დაიწყო ორ მეზობელ ქვეყანას შორის, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევეცდებით უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button