
როგორც ქართული მედია წერს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. „დიდი მადლობა, რომ გახდით საქართველოს ნაწილი, რადგან საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი“, – ამბობს ელჩი ვიდეოში, რომელიც მან და მისმა მეუღლემ, მეტე ჰარცელმა საქართველოდან გამგზავრებამდე გაავრცელეს.
კარლ ჰარცელის თქმით, ის ამაყობს, რომ არის იმ ისტორიული მომენტის მოწმე, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველო, როგორც მომავალი პოტენციური წევრი. დიპლომატის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის გაძლიერებაში.
„საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ დგახართ თქვენს წინაპრებზე, იმ ბუმბერაზებზე, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის, მისი ტრადიციების, კულტურის, ენისა და მემკვიდრეობისთვის;
გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და რომ საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრია.
რა თქმა უნდა, თქვენ უკვე იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ისევე როგორც მე და საქართველოს სხვა ბევრმა მეგობარმა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია არ დავაფასოთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად.
მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველოს წარმატებით გამოიყენებს – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკანდახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა.
საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.
თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ უბრალოდ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე!“, – ამბობს კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელ ვიდეოში.
სექტემბრიდან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას პოლონელი დიპლომატი, პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს. ის ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია.