საზოგადოება

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, მაკდონალდსი ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

,,News.on.ge” წერს, რომ კომპანია მაკდონალდს საქართველომ თბილისში, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს.

ქვეყნის მასშტაბით ეს მაკდონალდსის რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.

თიბისის განცხადებით, ახალ რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, მაკდონალდსი მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც მათი თქმით, საბოლოოდ მომხმარებლის კომფორტს აუმჯობესებს. ახალ რესტორანში მისულ მომხმარებლებს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.

მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

მათი განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია იმითაც, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა — რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.

თიბისის განცხადებით, მაკდონალდს საქართველო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს გარემოზე და მუდმივად შეაქვს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით და ახალგახსნილი რესტორანი ამის საუკეთესო მაგალითია. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნო სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

ბანკში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში, მერიის მხარდაჭერით კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს — ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.

მათივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს 26 მილიონი ლარის მსხვილი ინვესტიცია განახორციელა ბრედფილდის პურის საწარმოში, რომელიც მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

მაკდონალდს საქართველო წარმატებით აგრძელებს 23 წლის წინ დაწყებულ ისტორიას. ახალი რესტორანი ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს ჩვენთან მოსულ სტუმარს. მაკდონალდს საქართველო რჩება კომპანიად, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის ქვეყნის ეკონომიკაში დოვლათს, ინვესტიციებს, დასაქმების რაოდენობას, აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას”, — ამბობს თენგიზ კაპანაძე, მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი.

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე კი აღნიშნავს, რომ ბანკი მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

“ამ წარმატებული და საინტერესო თანამშრომლობის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მე-8 რესტორანია. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, მაკდონალდს საქართველოს კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს, ბრედფილდის სახით, ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი — ეროვნული წარმოებაც დაემატა, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „

მაკდონალდსის ყოველი ახალი პროექტისა და ინიციატივის ხელშეწყობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს — ადგილობრივების დასაქმებას, ხარისხის დასავლური სტანდარტის დანერგვას, ეროვნულ წარმოებასა და ახლა უკვე ქართული პროდუქტის ექსპორტსაც”, — აცხადებს გიორგი თხელიძე.

მათი თქმით, საერთო ჯამში, მაკდონალდს საქართველომ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა — აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.

ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა — დღეის მდგომარეობით, მაკდონალდს საქართველო 1 500 ადამიანს ასაქმებს, ხოლო გახსნის პირველი დღიდან დღემდე, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მიმდინარე წელს მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსის გლობალური ჯილდოს — ოქროს თაღის მფლობელი გახდა. ამ აღიარებით მაკდონალდს საქართველო გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი მაკდონალდსის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.

ნახეთ მეტი
Back to top button