პოლიტიკა

სომხეთში შემოწმდება ყველა მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის ქცევა

სომხეთი  მთავრობამ დაამტკიცა სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების 2022-2026 წლების სტრატეგია და იქედან გამომდინარე  სამოქმედო გეგმა. „არმენპრესის“ ინფორმაციით,   იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს არის 2019 წელს მიღებული სტრატეგიის გაგრძელება.

„ამ სტრატეგიაში წარმოდგენილი ბევრი დებულება  წინა სტრატეგიიდან არის მემკვიდრეობით მიღებული. ისინი იხვეწებიან, უმჯობესდებიან. სამწუხაროდ, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არ განხორციელდა ეპიდემიისა და ომის გამო. ზოგიერთი მიმართულება თითქმის მზად არის და მათ განხორციელებას უახლოეს თვეებში შევძლებთ“, – განაცხადა კარენ ანდრეასიანმა.

სტრატეგიის დებულებების პრეზენტაციისას კარენ ანდრეასიანმა აღნიშნა, რომ პირველი არის სასამართლო სისტემის რეფორმა. დაგეგმილია ანტიკორუფციული სასამართლოების მთელი ჯაჭვის ამოქმედება. სისტემა თითქმის მთლიანად მზად არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასამართლო პროცესების დიგიტალიზაცია.

„შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი დადებითი  ქცევის შემოწმებაა და ეს მხოლოდ მოსამართლეებს არ ეხება. დღეს მხოლოდ  სისტემაში ახალ შესული მოსამართლეები შემოწმდებიან და სტრატეგიის მომდევნო თვეებში ჩვენ დავიწყებთ ყველა არსებული მოსამართლის ქცევის შემოწმებას. ეს იქნება კორუფციასთან სერიოზული ბრძოლის საშუალება“, – განაცხადა კარენ ანდრეასიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქცევის შემოწმება ასევე იგეგმება პროკურორების, გამომძიებლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და რიგი სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.

სტრატეგიის შემდეგი აქცენტი არის დისციპლინური გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა უმაღლეს სასამართლოში, რომელიც მთავრობას წარედგინება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით.

ნახეთ მეტი
Back to top button