
ევროკომისია აპირებს სომხეთთან ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) იმპლემენტაციისა და მონიტორინგის პროექტის დაფინანსებას. კერძოდ, იგეგმება ერევნის დახმარება რეფორმების პროცესში, წერს RT.
“პროგრამა დაეხმარება სომხეთის მთავრობას რეფორმების, ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებაში და სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესში”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამავდროულად, დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა სომხეთის მთავრობის დეპარტამენტებს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების მონიტორინგის საკითხში.
გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამა ხელს შეუწყობს სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამულ ინიციატივებსა და კომუნიკაციას.
პროგრამა ოთხი წლითაა დაგეგმილი. დაფინანსების ოდენობა 7,7 მილიონი ევრო იქნება.
მანამდე ევროკომისია გეგმავდა 2 მილიონი ევროს გამოყოფას ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროპული დელეგაციის საინფორმაციო და საკომუნიკაციო მხარდაჭერისთვის.
სხვა ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდამჭერი პროექტისთვის 1,5 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს. მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მუდმივი მხარდაჭერით წვლილი შეიტანოს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში.