პოლიტიკა

ილჰამ ალიევის ოჯახი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს „ისაკუთრებს“

ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებების წყალობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახმა გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე, წერს Eurasianet. აღნიშნულია, რომ ცვლილებები ბანკში ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ალიევმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად მისი ოჯახის ერთგული მეგობარი ტალეჰ კაზიმოვი დანიშნა. ის 38 წლისაა და 2015 წლიდან ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა „ფაშა ბანკში“, რომელსაც ალიევის ქალიშვილები, ლეილა და არზუ ალიევები, ასევე მათი ბაბუა, ალიევის სიმამრი არიფ ფაშაევი ფლობენ. ეს დანიშვნა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ცენტრალური ბანკის წინა პრეზიდენტი ელმან რუსტამოვი ამ თანამდებობას 1995 წლიდან იკავებდა, ხოლო 2020 წლის აპრილში ხელახლა დაინიშნა კიდევ ხუთწლიანი ვადით. თუმცა, აპრილში ალიევმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, პარლამენტს შესთავაზა რუსტამოვის გადაყენება და კანონმდებლებმა მორჩილებით დაამტკიცეს ეს გადაწყვეტილება. რუსტამოვი მაშინ დაინიშნა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მრჩევლად, მაგრამ მას შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ არის და არც მტავრობის  ვებგვერდზეა ნახსენები. კანონის მიხედვით, ბანკი პოლიტიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ბევრი ექსპერტი კიაზიმოვის დანიშვნას სიგნალად მიიჩნევს, რომ ალიევი აძლიერებს კონტროლს საბანკო სისტემაზე. „საბანკო სექტორი უკვე „ფაშა ჰოლდინგის“  კონტროლის ქვეშ იყო. ახლა იქ ფაშაევები დომინირებენ“, – წერს ეკონომისტი და ოპოზიციონერი გუბად იბადოღლუ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ცენტრალური ბანკის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ახალი მრჩეველი ფარჰად ვალიევი დაიქირავა, რომელსაც ასევე მაღალი თანამდებობა ეკავა „ფაშა ბანკში“. მანამდე მუშაობდა „პრემიუმ ბანკში“ და „სილქ ვეი ჰოლდინგში“. ორივე ეს კომპანია ალიევების ოჯახს ეკუთვნის. შემდეგ, 1 ივნისს, ყაზიმოვის მრჩეველი „ფაშა-ბანკის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გულერ ფაშაევა გახდა. „ცენტრალური ბანკი ოფიციალურად გახდა „ფაშა ბანკის“ ფილიალი. გაუმარჯოს ფაშა-აზერბაიჯანს“ – ასე გამოეხმაურა მომხდარს ფეისბუქის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მომხმარებელი. სატირული საინფორმაციო საიტმა  Hamam Times მოვლენებზე რეაგირებისას აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს ეროვნული ვალუტის, მანათის გამო. „ამიერიდან აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის ბედი „ფაშა ბანკის“ ყოფილი თანამშრომლებისა თუ „ფაშაევის“ ხალხის ხელშია. როგორ ფიქრობთ, რა იქნება უფრო მომგებიანი ფაშაევისთვის: ძლიერი მანათი, სუსტი მანათი, ფიქსირებული ღირებულება თუ მცურავი მანათი?“ – წერს საიტი.

ნახეთ მეტი
Back to top button