ეკონომიკა

მთავრობას ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადება უნდა – საკონსულტაციო მომსახურება 1 მლნ ჯდება

,,მთავარი არხი” წერს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა “ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ” განაცხადა გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რომლითაც უწყება საკონსულტაციო მომსახურებებს შეიძენს.

შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია. 

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება/ჩატარება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა”, – წერია დოკუმენტში.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის პროექტის დაწყების დღიდან, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო  იურიდიული  თუ  ფინანსურ/ტექნიკური  საკონსულტაციო  კომპანიები – Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. (MTBS და ა.შ.),

“მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი საერთაშორისო გამოცდილების კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას”, – მითითებულია დოკუმენტში.

ეკონომისტების შეფასებით, ახლა საქართველოს მთავრობა ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ ცდილობს ეს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტი კვლავ განაახლოს. 

ნახეთ მეტი
Back to top button