ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს საერთაშორისო არბიტრაჟში 187 მილიონი მოუგო

,,მთავარი არხი” წერს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.

დავები აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან მიმდინარეობდა.

“არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა”, – წერს სამინისტრო.

უწყების ცნობით, ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა კი 2023 წელს დასრულდება.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის გასაგრძელებლად, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

ნახეთ მეტი
Back to top button