მთავარიპოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისიდან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გაიტაცეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციური ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გაიტაცეს და იძულებით გადაიყვანეს ბაქოში. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად ციხეში მყოფმა სოსო გოგაშვილმა, იუწყება აზერბაიჯანული მედია.

ივლისის შუა რიცხვებში სადაზვერვო მონაცემების გამოვლენის ბრალდებით დაკავებულმა გოგაშვილმა რუსთავის ციხიდან წერილი დაწერა. საუბარია ხუთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი  ჟურნალისტი გამომძიებელი აფგან მუხთარლი გაურკვეველ ვითარებაში იძულებით გადაიყვანეს ბაქოში. გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საქმეზე ყველა მტკიცებულება გაანადგურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა, რომლის ფუნქციებშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაა. მუხთარლის ,,გატაცება ბიძინას დაკვეთით მოხდა, რომელიც ასევე ოპერატიულ-ტექნიკურმა განყოფილებამ წაშალა“, – წერს გოგაშვილი წერილში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში 2014 წელს გადავიდა საცხოვრებლად. იგი ცნობილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ მკაცრი კრიტიკითა და სტატიებით. მას ბაქოში დევნიდნენ, ამიტომაც თავი შეაფარა საქართველოს. 2017 წლის 29 მაისს, დღის მეორე ნახევარში, მუხთარლი თბილისის ცენტრალური რაიონიდან გაიტაცეს და თავზე ტომარა ჩამოაცვეს. მეორე დღეს, 30 მაისს, ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. მისი გატაცების ორგანიზებაში მან აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა. ბაქოში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მუხთარლი პოლიტიკურ პატიმარად აღიარეს. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მისი მეუღლე და შვილი 2019 წლიდან ცხოვრობენ.

მუხთარლი გოგაშვილის ამ გამჟღავნებას უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკითხვას მისი გატაცების საქმის ფარგლებში აპირებს. „ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. აუცილებლად ვეცდებით, რომ სოსო გოგაშვილმა პროკურატურაში ჩვენება მისცეს“, – განაცხადა მუხთარლიმ.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button