საზოგადოება

საჭიროა, გადაიხედოს მამაჩემის როლი ქართულ პოლიტიკაში – ედუარდ სააკაშვილი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ მამამისის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესებული არ არის; ამბობს, რომ მისი ხედვით, საჭიროა, გადაიხედოს მიხეილ სააკაშვილის როლი პოლიტიკაში, რაც „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებდა კონსენსუსზე წამოსვლას.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

ედუარდ სააკაშვილის თქმით, მამა ივლისში მოინახულა „ვივამედში“, მანამდე კი მაისში, კერძო კლინიკაში გადაყვანამდე ინახულა.

„მქონდა მოლოდინი, რომ მისი მდგომარეობა იქნებოდა უკეთესი. მაინცდამაინც არ შემიტყვია, რომ უკეთ არის. [ახასიათებს] ფერმკრთალობა, დაბალი ენერგია, ქცევაში უცნაურობები… ძალიან აშკარაა ჩემთვის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის კარგად“, – განაცხადა სააკაშვილმა 27 ივლისს „ტვ პირველზე“ გადაცემაში სტუმრობისას.

მისი თქმით, რთული სანახავია მამის ამ მდგომარეობაში ნახვა, თუმცა გამოთქვამს მოლოდინს, რომ „ვივამედში“ ყოფნისას, გადასხმების დამსახურებით, მის სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე არ ემუქრება.

„შეიძლება, ეს არ არის ის, რაც საჭიროა მისი გრძელვადიანი რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს მაინც კარგია და არის ის მინიმუმი, რაც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია… თუმცა ველოდი, რომ იქნებოდა ბევრად მეტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა: “ჩემი მიზანი არ არის, რომ გამოვაძვრინო, ციხიდან აუცილებლად გამოვიდეს, ჩემი მიზანია, მამაჩემი იყოს ჯანმრთელი. იმედი მაქვს, რომ ციხეში არ მოკვდება, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს. თუ ის ციხიდან გამოვა, მინდა, რომ იყოს ჯანმრთელი… და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ეს რთული წარმოსადგენია“.

„დეპოლიტიზირება“

კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ახლა ოჯახს, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ადვოკატები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ხედვები, მათ შორის, შალვა ხაჭაპურიძე. თუმცა მან ისაუბრა თავის, დამოუკიდებელ ხედვაზე და ხაზი გაუსვა, რომ იგი არ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილს.

„ჩემი აზრით, საჭიროა, მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რათა კონსენსუსი შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას, მკურნალობას და მას უნდა ჰქონდეს წვდომა ამაზე. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი. და ამისთვის, შესაძლოა, საჭირო არის, რომ საერთოდ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს. ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად მან განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში მოგზაურობს დედასთან, სანდრა რულოვსთან ერთად, და როდესაც მოქალაქეები სცნობენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოიკითხავენ ხოლმე:

„ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ბევრი მათგანის ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი… მართალია, ბევრი ადამიანია, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი, – შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, – ვინც აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და, უბრალოდ, უნდა მისთვის კარგი… ვფიქრობ, ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის ფართოდ გავრცელებული. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მაშინ [ჩნდება კითხვა], თვითონ მამაჩემიც ხომ არ უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა

ის აცხადებს, რომ მისი ხედვით, მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში „გაუგებარია მომავლისთვის“ და ამბობს: „არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს, ცოტა რთული წარმოსადგენია“.

ედუარდ სააკაშვილის თანახმად, როდესაც მამასთან მოსანახულებლად შედის ხოლმე, „ის სულ მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს“.

„მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას, რომ იქით უფრო [შეიძლება] ჰქონდეს მომავალი მის პოლიტიკურ აქტიურ კარიერას“.

კითხვაზე, ისაუბრა თუ არა ამ საკითხზე მამამისთან, ედუარდ სააკაშვილმა თქვა: „კი, მაგრამ მე არ გამოვდგები მის წარმომადგენლად“, ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე მიხეილ სააკაშვილს, როგორ შეხვდა, თქვა: „მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ“.

ედუარდ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ მამამისის საქართველოში დაბრუნებამდე იგი ხელისუფლების შეცვლასა და ახალ აღმშენებლობაზე საუბრობდა, თუმცა ეს თეორია არ გამართლდა: „ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო შეცდომა და ეს მე აქამდეც მითქვამს“. მამის მომავალთან დაკავშირებით დამაზუსტებელ კითხვაზე ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა:

„მე არ ვამბობ, რომ რაიმე გარიგება უნდა შედგეს [მთავრობასთან]. კულისებში ხელის ჩამორთმევებზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ, მგონია, რომ თუ კომპრომისზეა საუბარი, ეს ორმხრივი იყოს: აშკარა გახდეს, რომ მამაჩემი თავის თავს ვერ ხედავს მომავალში [ქართულ პოლიტიკაში] და მეორე მხრიდან წამოვიდეს შეიძლება სურვილი, რომ მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება. შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. და მე მხოლოდ მივესალმები ასეთ რამეს“.

მისი ვარაუდით, თუკი საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი შეიქმნება, რომ:

„სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი ფიგურა უახლეს ისტორიაში… მაგრამ ამ კონსენსუსში ხალხმა თქვას, რომ „დავაფასოთ მისი ღვაწლი და შევუქმნათ მას ღირსეული ჯანმრთელობის მდგომარეობის უფლება“. და თუ შეიქმნება ასეთი კონსენსუსი, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იქნება, რომ წამოვიდნენ ამ დათმობაზე“.

ედუარდ სააკაშვილმა დააზუსტა, რომ არ გულისხმობს მამამისის ციხიდან გამოშვებას. საუბარია იმაზე, რომ „მოხდეს [სასჯელის მოხდის] სამართლებრივად გადავადება, რაც რეალურად დაშვებულია და შეიძლება“ და რისთვისაც „საჭიროა პოლიტიკური ნიადაგი“.

მისი თქმით, ასე უყურებენ საკითხს დასავლეთშიც: „საერთაშორისო დონეზეც ეგრე უყურებს ხალხი… მგონია, რომ თუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსენსუსი არსებობს ევროპაში ამაზე, ვიდრე თუ იმას დავიწყებთ, რომ „მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ მოვახერხებთ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი კონსენსუსი, მაგრამ მამაჩემსაც შეუძლია ამაში წვლილის შეტანა, თუ მოახდენს თავისი თავის… ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ეს იყოს სარწმუნო და არა ტრიუკი“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button