ეკონომიკა

მარტი-ივნისში საქართველოში 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 13,500-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 74% 2018-2022 წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა – 1,180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა.

2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. 2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრირებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რაც ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში – 2,140 კომპანია , აპრილში – 1,563, მაისში 1,351 და ივნისში – 1,175. ჯამში, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6,419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

„ამგვარად, 2022 წლის მხოლოდ მარტი-ივნისში დარეგისტრირდა იმაზე 7-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში. მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 93% (5,990 ერთეული) ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 98%-ს არაქართული სახელი და გვარები აქვს.

  • მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც  ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა;
  • ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;
  • 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა – 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც;
  • კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;
  • 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა;
  • 2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
  • 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა;
  • მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად სანქცირებული კონკრეტული პიროვნების ან კომპანიის მიერ, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.“,-  წერია ანგარიშში.
ნახეთ მეტი
Back to top button