მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა დააფიქსირა, რომ 3 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საკონტაქტო ხაზზე. “არმენპრეს”-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენშია ნათქვამი. „სიტუაციის გამწვავება ფიქსირდება სამხედრო ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია სარიბაბას მთაზე. რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა აზერბაიჯანული და სომხური მხარის წარმომადგენლებთან ერთად ატარებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – ნათქვამია ბიულეტენში.
3 აგვისტოს, 09:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა, უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მიზანში ამოიღეს სამხედრო პოზიციები და ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მუდმივი მდებარეობა, სხვადასხვა კალიბრის შაშხანა და თავდასხმის ავტომატების გარდა გამოიყენეს ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრნენ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გურგენ გალერის ძე გაბრიელიანი და არტურ იურის ძე ხაჩატრიანი. არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგების გამო გამოწვეულ მძიმე მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14-მა სამხედრომ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. არცახის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის განმახორციელებელი რუსული ჯარების სარდლობასთან ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომები მიიღება. 18:00 საათისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება შედარებით სტაბილურია.