მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ირგვლივ ვითარება უნდა გადაწყდეს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის საფუძველზე. როგორც “არმენპრესმა” იუწყება, ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ივან ნეჩაევმა განაცხადა.
ნეჩაევმა აღნიშნა, რომ 4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ განცხადება გაავრცელა და მხარეებს თავშეკავებისკენ და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებების შესაბამისად. ეს ასევე ეხება ლაჩინის დერეფანს, რომლის ირგვლივ არსებული ვითარება უნდა გადაწყდეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის, ამ მარშრუტის დასაცავად რუსული სამშვიდობო ძალების შემდგომი გადანაწილებით“, – განაცხადა ნეჩაევმა.
მისი თქმით, ყველა ზემოაღნიშნული საკითხი, მათ შორის ლაჩინის დერეფნის საკითხი, არის კონსულტაციების საგანი, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს.
„ინტენსიურ პოლიტიკურ დისკუსიებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ რუსი სამშვიდობოებიც, რომლებიც საჭირო ძალისხმევას მიმართავენ ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. მანამდე ბაქომ და ერევანმაც არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება რუსული სამშვიდობო კონტინგენტის განსაკუთრებულ როლზე. სამშვიდობოების ინდივიდუალური კრიტიკა არ მიგვაჩნია სამართლიანად“, – განაცხადა ნეჩაევმა.