ეკონომიკა

2022-ის II კვარტალში ვიზიტორთა მიერ დახარჯული თანხის ოდენობა 2019-ის მაჩვენებელს უახლოვდება

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1 049 400 საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა. ეს 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა კვლავაც ჩამოუვარდება პანდემიამდელ, 2019 წლის შედეგს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

შედარებისთვის, 2019 წლის II კვარტალში, პანდემიის კრიზისამდე, ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა 2.2 მილიონს შეადგენდა.

უწყების ინფორმაციით, ზემოაღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 1.9 მილიონი იყო.

2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, საქსტატის თანახმად, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 % შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით.

“შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ”, — აღნიშნავს უწყება.

სტატისტიკის მიხედვით, ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა(512.7 ათასი) და აჭარაში(375.3 ათასი) აღირიცხა.

საქსტატის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2019 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.2 მილიონი იყო.

ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე, ექსკურსანტი კი ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.

ამასთან, 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. პანდემიამდე, 2019 წლის II კვარტალში, ეს მონაცემი 2.4 მილიარდ ლარს შეადგენდა და შესაბამისად, მნიშვნელოვნად არ აღემატებოდა ამჟამინდელს. თუმცა, სხვაობა შესამჩნევია ვიზიტზე საშუალო ხარჯში.

თუ 2019 წლის II კვარტალში ეს მონაცემი 1 261.6 ლარს შეადგენდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ვიზიტზე საშუალო ხარჯი  2 440.2 ლარს შეადგენს.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. პანდემიამდე, ანალოგიურ პერიოდში, ხსენებული მონაცემი 3.9 ღამე იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button