საზოგადოება

ფიროსმანის ნახატი რადიოაქტიურ ნივთიერებათა გასაღების საქმეში: ახალი დეტალები

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის საქმეში მოულოდნელად ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატი აღმოჩნდა, ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთშაბათს რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საშიში ნივთიერების გასაღებას 1,2 მლნ დოლარად აპირებდნენ.აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დასაბუთებისას პროკურორმა იოსებ ხუნაშვილმა აღნიშნა, რომ გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში დაკავებულების მხრიდან არსებობს საფრთხე იმისა, რომ ისინი შეეცდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატის გაყიდვას, რომელსაც თავად ინახავენ.ხუნაშვილის თქმით, ფიროსმანი ადამიანების თხოვნით თავისი ნახატების ასლებს ხატავდა და ამ შემთხვევაში მფლობელს აქვს იმ ნახატის ასლი, რომელიც მუზეუმში ინახება. და, როგორც პროკურორმა განაცხადა, არსებობს მტკიცებუკება იმისა, რომ ბრალდებულები ინახავენ ამ ასლს თავის ახლობელთან და მის გაყიდვას გეგმავენ.ამასთან პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიებამ ჯერ ვერ იპოვა ნახატი, შესაბამისად, ნახატის ავთენტურობაზე საუბარი ნაადრევია.რაც შეეხება უშუალოდ რადიოაქტიურ ნივთიერებათა საქმეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს. ნივთიერების დასახელება არ საჯაროვდება.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აქტიურად ეძებდნენ ნივთიერების მყიდველს, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button