
ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პროცესის ხელშეწყობას. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირმა ახლა უფრო აქტიური პოზიცია დაიკავა და უმაღლეს დონეზე თამაშობს თვალსაჩინო როლს პრეზიდენტ მიშელის, ასევე სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელ ტოივო კლაარის სახით, რაც გამოიხატება რეგულარული კონსულტაციებითა და ვიზიტებით.
ეს ძალისხმევა არავითარ შემთხვევაში არ არის გამიზნული კონკურენცია ან მიმართული სხვა აქტორების წინააღმდეგ. ეს უნდა აღვნიშნო, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი არსებობს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპლემენტარულობაზე და არა კონკურენციაზე.
ჩატარდა სამი სამმხრივი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის აპრილსა და მაისში ბრიუსელში, რომლის მიზანი იყო მდგრადი გადაწყვეტის მხარდაჭერა. ამავდროულად, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა წამოიწყო მაღალი დონის შეხვედრები სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველს ჰიქმეთ ჰაჯიევს შორის. ეს მაღალი დონის შუამავლები, კონტაქტების ხარისხი არის ის წვლილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ ამ საქმეში და ევროკავშირი ნამდვილად მოწოდებულია გააგრძელოს ძალისხმევა ამ ფორმატებში. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უშუალო კონტაქტს, რომელიც შედგა 16 ივლისს თბილისში. ევროკავშირი მიესალმება ორ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის დამყარებულ პირდაპირ კონტაქტს. ვფიქრობ, ყველა ეს ელემენტი ერთიანდება და მიმდინარეობს ძალისხმევა ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – დაასკვნა ანდრეა ვიქტორინმა.