პოლიტიკა

რა რეგულაციებით იმუშავებს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტები

სომხეთის ეროვნული  უსაფრთხოების სამსახურმა  მიმოქცევაში შეიტანა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამ მონაკვეთზე საგუშაგოების დამონტაჟების პროექტი. ისინი სომხეთის სამ რეგიონშია დაგეგმილი: არარატი, სიუნიქი და გეღარქუნიქი. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა ასევე შეიმუშავა პროექტები, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პუნქტებზე საბაჟო კონტროლის ზონები განისაზღვრა და საბაჟო პუნქტები შეიქმნება. პროექტში არ არის დაკონკრეტებული, რა საბაჟო რეგულაციები იქნება გამოყენებული.

სომხურ-აზერბაიჯანული საკონტროლო-გამშვები პუნქტები არარატის, გეღარქუნიქისა და სიუნიქის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში დამონტაჟდება. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, რეკომენდებულია საავტომობილო გზებზე საგუშაგოების დაფუძნება გეღარქუნის რაიონში სოტკის თემიდან M11 გზატკეცილამდე, არარატის რაიონში, ერასხიდან სადარაქისა და სიუნიქის მხარეში, ქარაჰუნჯის თემიდან სამხრეთით 7,5 კმ-ზე, M2 გზატკეცილზე. პროექტის მიმოქცევაში შესვლამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა კანონის შესაბამისად უზრუნველყოს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის კავშირი თავისი ტერიტორიის გავლით. პროცედურების მოსამზადებლად ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარეს მითითებები მისცა.

სომეხი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ წინადადებით სომხეთი ცდილობს აჩვენოს ის ლოგიკა, რომელიც მას  მისაღებად მიაჩნია ბლოკადის მოხსნის პროცესში. სხვა საკითხია ის, თუ რამდენად მისაღებია ეს ლოგიკა აზერბაიჯანისთვის, ამბობს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი.

„არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. ზოგი ამბობს, რომ შესაძლოა ის თანახმაა. მაგრამ, ჩემი აზრით, აზერბაიჯანი ამჟამად იყენებს შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც შეიქმნა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და ცდილობს სომხეთისგან მაქსიმალური დათმობების მოპოვებას ძალოვანი  ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს ნათლად ჩანს მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებში, როდესაც აზერბაიჯანი, ძირითადად, ულტიმატუმებით ელაპარაკება სომხურ მხარეს. აყენებს ულტიმატუმს, თუ ის არ შესრულდება, მიმართავს სამხედრო ოპერაციებს. ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში მოლაპარაკების პროცესში ყველა საკითხი, მათ შორის ეს საკითხი, ამ ლოგიკაზე იქნება დაფუძნებული“.

9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტი ეხება რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვას. კერძოდ, ნათქვამია, რომ სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება – ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილება. აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციის კონტროლს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.

„სავარაუდოდ, თანასწორობის  პრინციპი არ იმუშავებს: ანუ გამორიცხულია აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხური სატვირთო მანქანების  გავლა, რუსული, თუნდაც აზერბაიჯანული გამცილებლებით,  გამოვრიცხავ ამ სიტუაციას. დერეფნის გარკვეული ლოგიკა უკვე არსებობს, თუნდაც განბლოკვა სხვა ლოგიკით მოხდეს“.

კარტოგრაფი შაჰენ შაჰინიანი „რადიოლურთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ შემოთავაზებულ საგუშაგოებს, ფაქტობრივად, არავითარი გეოგრაფიული მნიშვნელობა არ აქვთ: ეს არის სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამმხრივ კავშირს აზერბაიჯანთან. ისინი იმუშავებენ იმ პრინციპით , რომლითაც ფუნქციონირებს სომხურ-ქართული და სომხურ-ირანული საგუშაგოები, ამბობს სპეციალისტი და თვლის, რომ სამიდან ერთი, რომელიც არარატის რეგიონშია დაგეგმილი, სხვაზე მნიშვნელოვანი იქნება.

„ერასხის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მაგრამ იყო გზა, რომელიც აკავშირებდა სომხეთსა და ნახიჩევანს. გეღარქუნიქისა და სიუნიქის რეგიონებში არსებობდა გზა, მაგრამ მას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა.

აზერბაიჯანს შეუძლია რამდენიმე პუნქტით გადაკვეთოს სომხეთის საზღვარი და მიაღწიოს ნახიჩევანს. განაცხადა ფაშინიანმა და  ჩამოთვალა ეს გზები:  ყაზახ-იჯევანი, ყაზახ-ბერდი, ვარდენისით  სისიანი, ერასხი. „არის ვარიანტები, არის რისკებიც“, – ამბობს გზის მშენებელთა სომხური ასოციაციის პრეზიდენტი, კომპანია „ჭანაპარჰის“ გენერალური დირექტორი ედუარდ ბეზოიანი. მისი შეშფოთება ერევანი-სევანი-იჯევანი-ყაზახის გზას უკავშირდება, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოთაშორისი გზაა.

„აზერბაიჯანთან გზა 1990-იანი წლებიდან ჩაკეტილია. სწორედ ეს სატრანსპორტო სექტორი აკავშირებდა სომხეთს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან, ამჟამად აკავშირებს მხოლოდ საქართველოსთან“.

პარალელურად ფუნქციონირებდა კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი გზა, რომელიც უზრუნველყოფდა კავშირს საქართველოსთან. საუბარია M3 სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის შესახებ თურქეთის საზღვარი-მარგარა-აშტარაკი-აპარანი-ვანაძორი-ტაშირი-საქართველოს საზღვარი. ამ გზით აზერბაიჯანის ყაზახეთის რეგიონს შეუძლია დაამყაროს კავშირი ნახიჩევანთან, მაგრამ ეს კავშირი ასევე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულმა მანქანებმა უნდა გაიარონ ერევანში ან შემოვლითი გზა – M2 მაგისტრალი.

საუბარი ასევე შეეხო ტრანზიტის დროს გზების ჩაკეტვის საკითხს. რაც უარყო სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა.  სომხეთის ტერიტორიით აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში და საპირისპირო მიმართულებით შესაძლო ტრანზიტის დროს არ დაიკეტება ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზები და არ შეფერხდება სომეხი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილება – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.  სტრუქტურის ინფორმაციით, ამჟამად მუშავდება საავტომობილო ტრანზიტის შესაძლო მარშრუტები და განრიგი.

ნახეთ მეტი
Back to top button