საერთაშორისო

შალვა ხაჭაპურიძე – უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამერიკელი ექსპერტის სურვილს ამავდროულად წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისვლა და სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი კადრების ნახვა. ამის შესახებ წერს 1tv.ge

ამასთან, ადვოკატის თქმით, თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“, მარიამ ჯიშკარიანთან შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს.

„მოგეხსენებათ, ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, გოლდსმიტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ამ პერიოდში ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან ნებართვების მიღება. წესით, დღეს რაღაც პასუხი უნდა მოგვივიდეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და ხელს უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა სასჯელის მოხდაში.

„ეს არის ორი კითხვა და მას აქვს დაახლოებით ასამდე ქვეკითხვა. ბუნებრივია, ექსპერტს აქვს ფსიქიატრიის სპეციფიკური ტესტები ბოლო ამერიკული გაიდლაინებით შედგენილი. საკმაოდ ვრცელი მასალა აქვს ჩამოტანილი. გარკვეული სამუშაო მან უკვე ჩაატარა. ქალბატონ გიული ალასანიასა და მისი ოჯახის წევრებს გაესაუბრა დისტანციურად, საათობით კითხავდა ამ ხალხს, რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მხოლოდ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს ამ ყველაფრის რეზიუმეს. ჯამში, ასახავს ყველაფერს დასკვნაში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button