მთავარიპოლიტიკა

ჩვენ განზრახული გვაქვს რუსეთ-სომხეთის სამოკავშირეო ურთიერთობების გაძლიერება  – რფ  საგარეო საქმეთა სამინისტრო

დღეს შესრულდა 25 წელი რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერამ დიდწილად განსაზღვრა ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პრინციპები და პრიორიტეტები. დოკუმენტი გახდა მნიშვნელოვანი ეტაპი ორმხრივი პარტნიორობის ნამდვილ ალიანსის დონეზე მიყვანის გზაზე.

განვლილმა პერიოდმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის ისტორიული კავშირების შემდგომი განმტკიცება სრულად შეესაბამება ჩვენი ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს, ემსახურება ორივე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ წარმატებით მივდივართ წინ თანამშრომლობის ფართო სპექტრში, ვავსებთ მას კონკრეტული შინაარსით და ვზრდით ურთიერთქმედების ეფექტურობას.

ორმხრივი პოტენციალის ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობაზე დაფუძნებულ რეგულარულ კონტაქტებს რუსეთისა და სომხეთის ხელმძღვანელობას შორის, რაც იძლევა არა მხოლოდ გადაუდებელი პრობლემების გადაჭრის, არამედ ძირითად რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე პოზიციების კოორდინაციის შესაძლებლობას.

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ერევნის დახმარება მთავარი მოკავშირის პოზიციიდან მისი თავდაცვის შესაძლებლობების და საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში და მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეგიონში სტაბილურობისკენ მიმავალი გზა გადის  2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებების მკაცრად დაცვაზე. რუსეთის სამშვიდობო ძალები კვლავ რჩება მთიან ყარაბაღში უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მთავარ ფაქტორად.

ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას მოძმე სომხეთთან და მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ რუსეთ-სომხური ალიანსური ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების და ხალხების კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button