საერთაშორისო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ, როგორც ქართული მედია წერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ.

„მინდა, ავღნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია).

პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.

ნახეთ მეტი
Back to top button