მთავარიპოლიტიკა

„სომხური გზაჯვარედინი“ სარგებელს მოუტანს როგორც რეგიონს, ასევე მის გარეთ არსებულ ქვეყნებს – ფაშინიანი

სომხეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების გახსნით, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ სესიაზე.

„2021 წლის 11 იანვარს, მოსკოვში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას რუსეთის ფედერაციისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები. ჯგუფი მუშაობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციის გახსნის საკითხებზე“, – შეახსენა მან.

„ამ პროექტის იდეაა, რომ სომხეთი მიიღებს სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო აზერბაიჯანი მიიღებს სატრანსპორტო მარშრუტებს სომხეთის ტერიტორიის გავლით. გლობალურად ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო არხების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი რუსეთის მხარდაჭერით მალე მოგვარდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა სამმხრივი ჯგუფის მუშაობაში პროგრესი შეინიშნება, თუმცა დასძინა, რომ რეგულაციების განხილვა ჯერ კიდევ აუცილებელია.

„ერთი რამ ცხადია. გახსნილი გზები იქნება იმ ქვეყნების აბსოლუტური სუვერენიტეტის ქვეშ, რომლებზეც ისინი გადიან და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრინციპით შევძლებთ იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც „სომხეთის გზაჯვარედინს“ ვუწოდებთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთის და აღმოსავლეთიდან დასავლეთის დამაკავშირებელი გზები სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის. „ვფიქრობ, ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის – ირანისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, თურქეთისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაც“, – განაცხადა პრემიერმა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button