მთავარიპოლიტიკა

სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სამხედრო ოპერაციები სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე – ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეწყვეტილი იქნას ცეცხლი  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობას ეუთოს სამდივნოს კომუნიკაციისა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„საომარი მოქმედებების ესკალაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. დიპლომატიური პროგრესი არ უნდა დაიკარგოს. პროგრესი მიღწეული იყო ბოლო 18 თვის განმავლობაში, მათ შორის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელების შესახებ. ეს შეტაკებები საფრთხეს უქმნის პროგრესს და საფრთხეს უქმნის უამრავ სიცოცხლეს“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ზბიგნევ რაუმ.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციები უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი მსხვერპლი.

„ეუთო ეყრდნობა ათწლეულების გამოცდილებას  და მზადაა დაეხმაროს.  ჩვენ ყველანი ვემსახურებით  საერთო მიზანს – რეგიონში გრძელვადიან  მშვიდობასა  და კეთილდღეობას“, – განაცხადა შმიდმა.

ნახეთ მეტი
Back to top button