მთავარიპოლიტიკა

დასავლეთში  აზერბაიჯანი ცდილობს წინ წამოსწიოს სომხეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის იდეა  –  ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმის გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა. აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი წარმოაჩინოს დასავლეთში მტკიცედ პრორუსულად და რუსეთში ძლიერ პროდასავლურად.

დეპუტატმა თოროსიანმა დასვა შემდეგი შინაარსის კითხვა: ხედავს თუ არა პრემიერ-მინისტრი გეოპოლიტიკურ ფაქტორს აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმისას.

„დიახ, არსებობს გეოპოლიტიკური კონტექსტი, რადგან აზერბაიჯანი საკმაოდ დიდი ხანია ახორციელებს შემდეგ პოლიტიკას: მიდის დასავლეთისკენ, დასავლეთთან კონტაქტებში სომხეთს წარმოაჩენს, როგორც ძლიერ პრორუსულ სახელმწიფოს და ცდილობს წინ წამოსწიოს სომხეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის იდეა  უკრაინის საკითხის ირგვლივ შექმნილი ვითარების კონტექსტში. რუსეთთან ურთიერთობისას აზერბაიჯანი სომხეთს წარმოაჩენს, როგორც ძლიერ პროდასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ინტენსიური ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან და ცდილობს რუსეთში გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია  სომხეთის, პირობითად რომ ვთქვათ, დასჯა.  ის მუშაობს იმაზეც, რომ რუსეთში შეიქმნას ნიადაგი  სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან არ გამორიცხა, რომ როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთის ფედერაციაში არის გარკვეული წრეები, რომლებსაც ეს იდეები მოსწონთ ან შეესაბამება მათ აზროვნებას. თუმცა პრემიერმა იმედი და რწმენა გამოთქვა, რომ სახელმწიფო დონეზე ასეთი აღქმა არ არსებობს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა ბოლო დროს გააძლიერა კონტაქტები როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან და აუხსნა მათ, რომ ამ მითქმა-მოთქმას  სიმართლესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნახევრად სიმართლე უფრო საშიშია, ვიდრე ტყუილი. ის, რომ სომხეთს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის ფაქტი, რომლის უარყოფა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სომხეთს ინტენსიური კონტაქტები აქვს დასავლეთის ქვეყნებთან. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, გვაქვს სტრატეგიული დიალოგი აშშ-სთან. მაგრამ ის კონტექსტი, რომლის წარმოჩენას ცდილობს აზერბაიჯანი, აბსოლუტურად არაფერ შუაშია სიმართლესთან, რადგან სომხეთი არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ერთგულია თავისი ვალდებულებების“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button