სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა დღეს მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი.
თავდაცვის მინისტრმა მადლობა მოახსენა ვითარებაზე სწრაფი რეაგირებისთვის და რეგიონში ვიზიტისთვის, შემდეგ კი წარმოადგინა 13 სექტემბერს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება.
სურენ პაპიკიანმა აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი აგრესია არის წინასწარ დაგეგმილი აზერბაიჯანული პროვოკაცია.
სიტუაციის მოგვარების კუთხით თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან აგრესიის შეფასების აუცილებლობას.
თავის გამოსვლაში, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში წარმოადგინა ევროკავშირის პოზიცია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და ხაზი გაუსვა ყველა არსებული უთანხმოების გადაჭრის აუცილებლობას მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტებით.
ტოივო კლაარმა ასევე დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება ხელი შეუწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის აღდგენას და შეთანხმებების მიღწევას.