პოლიტიკა

პელოსის ვიზიტი სომხეთში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ არ განელებულა – ბატიაშვილი

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ პელოსის ვიზიტი სომხეთში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ არ განელებულა და რუსეთისგან განსხვავებით, აშშ აქცენტს აკეთებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურა ბატიაშვილმა განაცხადა, რითაც სომხეთის დედაქალაქ ერევანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს გამოეხმაურა.

„აშშ მომავალში ამ რეგიონის მიმართ იქნება განსაკუთრებით ყურადღებით და მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედის. სწორედ ამის ხაზგასმა იყო ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში.

მართალია, ახლა საქართველოში ვიზიტი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოც მოიაზრება, როგორც კავკასიის მთავარი ქვეყანა და დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის ბუნებრივი მოკავშირეა საქართველო და ეს მიუხედავად იმისა, თუ ხელისუფლების ან ხელისუფლებიდან ოპოზიციაში ვითომ წასული ოთხეული რა განცხადებებს გააკეთებს – ამ ოთხეულის განცხადებების და ქმედებების უკან ვინც დგას, ესეც გასაგებია.

გუშინ სომხეთში გაიმართა სერიოზული სახალხო გამოსვლები, სადაც ითხოვდნენ კუხო-დან, ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლას, რადგან რუსეთმა კიდევ ერთხელ არ შეასრულა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი და მეტი არაფერი. რუსეთმა ეს ორგანიზაცია შექმნა, როგორც ნატო-ს ერთგვარი ალტერნატივა და მოწინააღმდეგე აღმოსავლეთში, მაგრამ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ მას არაფრის თავი და საშუალება არ აქვს. სომხეთისთვის დახმარება კი არა, როდესაც კონტრშეტევაზე იყო გადასული უკრაინული არმია, რუსეთმა საკუთარ ჯარს ხარკოვის ოლქში ვერ მიახმარა ძალები. ამავე დროს, კუხო-ს ორი წევრი ქვეყანა, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთმანეთში საომარ მოქმედებებს აწარმოებს, 2023 წელს კი ყაზახეთი აპირებს ამ ორგანიზაციიდან გასვლას. რეალურად, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მითის დასამარება. ეს კარგია ჩვენთვის, რადგან რაც უფრო დასუსტდება რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა, უფრო გამოჩნდება იმის პერსპექტივა, რომ საქართველო გაერთიანდეს და გახდეს დასავლეთის სრულყოფილი წევრი – იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო“, – განაცხადა ზურა ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“

ნახეთ მეტი
Back to top button