საზოგადოება

ამბობს, ასაფეთქებელი არ ყოფილა, სათამაშო იყოო — ადვოკატი გრიგოლ ნარსიაზე

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას ადვოკატის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ბრალდებულს ბანკში მძევლების აყვანისას ჰქონდა, ნამდვილი არ იყო. ამის შესახებ ადვოკატმა ვივი ბაბუნაშვილმა დღეს, 21 სექტემბერს ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნარსია ამბობს, რომ თავდასხმისას ჰქონდა პნევმატური იარაღი:

“მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ არ იყო ასაფეთქებლები, ეს იყო სათამაშო, ხელოვნურად გაკეთებული, უბრალოდ, ასაფეთქებელი არ ყოფილაო, “ბუტაფორია” იყოო… პნევმატური იარაღი მქონდაო, ეს დააფიქსირა”, — თქვა ბაბუნაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა უთხრა, რომ ბანკში შეჭრის მოტივი მისი შვილის ავადმყოფობა იყო.


შეიარაღებული პირი ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ, 20 სექტემბერს შეიჭრა და 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ის თავდაპირველად 2 მლნ დოლარს ითხოვდა. თავდამსხმელი შსს-ს თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული პირია.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავდასხმას, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნახეთ მეტი
Back to top button