პოლიტიკა

თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ჩვენ იმავეთი არ ვუპასუხებთ – მაკრონი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისი ქვეყანა არ გამოიყენებს საკუთარ ბირთვულ შეიარაღებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამგვარ ტაქტიკურ იარაღს უკრაინაში გამოიყენებს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ამის შესახებ მაკრონმა ფრანგული ტელეარხის France 2-ის ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი [ბირთვული] დოქტრინა ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს. ეს ინტერესები მკაფიოდაა განსაზღვრული და, მაგალითად, უკრაინაში ან რეგიონში ბალისტიკური ბირთვული შეტევა ამ ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მაკრონმა.

ეს პირველი შემთხვეაა, როდესაც უკრაინის ომის გათვალისწინებით მაკრონმა საფრანგეთის ბირთვული დოქტრინის შესაძლო ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

ფრანგმა ლიდერმა Twitter-ის საშუალებით ასევე გაავრცელა განცხადება, რომ „საფრანგეთი უკრაინას ეხმარება, რათა [მტერს] წინააღმდეგობა გაუწიოს მხოლოდ საკუთარ მიწაზე და არასოდეს რუსეთზე თავდასხმაში“.

მისივე განცხადებით, საფრანგეთს არ სურს მსოფლიო ომი.

უკრაინაში ომი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა.

ამ პერიოდში მაკრონი ცდილობდა თავი უკრაინის მეგობრად წარმოეჩინა. იგი სოციალურ ქსელებში ხშირად ავრცელებდა ინფორმაციასა და ფოტოებს, თუ როგორ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

არჩევნების მეორე ტურისთვის, სწორედ უკრაინის ომის გავლენით, მაკრონმა იმიჯიც შეიცვალა და სამუშაო სივრცეში საფრანგეთის არმიის ჰუდით ჩნდებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button