პოლიტიკა

პლატფორმის მეორე სესია „3+3“ ფორმატში შესაძლოა უახლოეს თვეებში გაიმართოს – დენის გონჩარი

სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პლატფორმის მეორე სესია „3+3“ ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი) შესაძლოა უახლოეს თვეებში გაიმართოს. როგორც “არმენპრესი” იუწყება (https://armenpress.am/arm/ news/1099327.html ) ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

„ამჟამად გრძელდება „3+3“ ფორმატის მეორე სესიის ჩატარების ორგანიზაციული მუშაობა. ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოხდება უახლოეს თვეებში. ყველა მონაწილის განწყობით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია მოწვევის გაგზავნა საქართველოშიც“, – განაცხადა დიპლომატმა.

მისი თქმით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ „3+3“ საკონსულტაციო რეგიონალური პლატფორმა საჭიროა მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოების ინტერესებიდან გამომდინარე.

„შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში მოსკოვში გამართულ დამფუძნებელ შეხვედრაზე გადაწყდა საერთო ინტერესის თემებზე ფოკუსირება, როგორიცაა:  სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარება, ასევე საერთო გამოწვევებთან ბრძოლა “,– დასძინა გონჩარმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის აღმოჩენას, რასაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენა.

„ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით ერთობლივი საპროექტო საქმიანობის პერსპექტივები დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ ტრანსპორტის, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ნდობის განმტკიცებას რეგიონული მრავალმხრივი კავშირების დამყარებით და გახდება სომხურ-აზერბაიჯანული და სომხურ-თურქული ურთიერთობების მოგვარების პროცესების მხარდაჭერის ერთ-ერთი საყრდენი“, – განმარტა გონჩარმა.

თანამშრომლობის პლატფორმის პირველი სესია „3+3“ ფორმატში, რომელიც მიეძღვნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო არ დაესწრება შეხვედრას „3+3“ ფორმატში.

ნახეთ მეტი
Back to top button