საზოგადოება

თეა წულუკიანი – ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტი არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი

,,პირველი არხი” წერს, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით რუმინეთში ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტს უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი.

თეა წულუკიანის შეფასებით, ასეთ საკითხებზე მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო მნიშვნელობის ისტორიული ვიზიტი. მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს წარმატება. ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და სხვა პირველი პირთა, მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და მნიშვნელობა. არა მხოლოდ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ფუნქციის სახით, არამედ როგორც ევროპული დიდი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლით. ეს არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ ამბებს ერთმანეთს უფრო აქტიურად უნდა ვულოცავდეთ და არ ვიყოთ დაკავებული მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს, მაგალითად, რომელიღაც ერთი ჭირვეული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმარი დღეს რას მიირთმევს, რას – არა, იმკურნალებს თუ არა. ჩვენი ხელისუფლება ვიდრე იქნება – და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება მშვიდობა და სტაბილურობა – ვიმუშავებთ იმაზე, როგორ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის როლი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოსტრატეგიულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button