საზოგადოება

“თანამშრომლობა ვითარდება” – რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ

,,მთავარი არხი” წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან TACC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გალუზინიმ ინტერვიუში თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა “ვითარდება”. მან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს თბილისზეა დამოკიდებული.

“2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლა კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. 

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა გავიხსენო, რომ ისინი თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა,  [თბილისი] სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button