პოლიტიკა

პრემიერი: „ორკესტრირებული შეტევაა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე.

ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში უკრაინის ომზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, შავი ზღვის ელექტროკაბელსა და საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში რეცესია და არაპროგნოზირებადი გარემოა, „პატარა, მაგრამ ძლიერი“ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

„უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების საელჩოები კიევს ტოვებდნენ, ჩვენი საელჩო და ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი გაცხადებული სურვილია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. ამიტომ აუცილებელია ამ ომის დროულად დასრულება. მინდა ვუსურვო უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ამ ომის სწრაფად დასრულება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და მხარდაჭერა დააფიქსირა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მისი თქმით, საქართველომ ყველა ფორმატში მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, 400-ზე მეტ რეზოლუციას და განცხადებას შეუერთდა.

„პირდაპირ ვთქვათ, ჩვენთვის არ იყოს სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა არის ომში, არ გვსურს ამ თემაზე ზედმეტი განცხადებების გაკეთება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. ჩვენი ვალდებულებაა ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ამ საქმეში თქვენი როლი განსაკუთრებულია, რომ სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები ესაჭიროება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა წარმატებად შეაფასა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, თუმცა აღნიშნა, რომ ყველას მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

„სამწუხაროდ, არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მინდა, რამე დამაკნინებელი ვთქვა ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე, თუმცა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით ორჯერ, სამჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით რეფორმების თვალსაზრისით“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმიტომ, რომ იმყოფება ომში, ხოლო მოლდოვა — „ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში“. ღარიბაშვილის თქმით, ორივე ამ ქვეყანას წარმატებას და კეთილდღეობას უსურვებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ შრომატევადი სამუშაო გაწია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.

„ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს, გარკვეული კანონპროექტები გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და დასკვნებს ველოდებით“, — დასძინა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ისაუბრა შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ინიციატივაა და პირველად შარშან, ბრიუსელში ვიზიტისას დააყენა. პრემიერის თქმით, ეს იქნება „ხელშესახები სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button