კულტურა

დღეს საქართველოში აღნიშნავენ კათოლიკოს-პატრიარქის ილია II განსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს

დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II განსაყდრების 45 და დაბადების 90 წლისთავი აღინიშნება მთელი საქრთველოს მასშტაბით. ამ სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით ილია II მისალოცი გზავნილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!

განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.

თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!“ – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს მიულოცა რუსეთის პატრიარქმა კირილმა:

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 90 წლის იუბილეს.

თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყოფლად დაკავშირებულია ქრისტესთან, რომელიც სიყრმიდანვე შეიყვარეთ. ეკლესიის დევნის მკაცრ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა.

„მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

დღეს, 4 იანვარს, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის  აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.

კონცერტში  მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე. როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი მისი უწმინდესობისათვის.

გალა-კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ნახეთ მეტი
Back to top button