პოლიტიკა

მე პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადავუვადებდი – მარგველაშვილი

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ რუს უფლებადამცველ, მარკ ფეიგინთან გადაცემაში საუბრისას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ადგილზე რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.მისი თქმით, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოკლა და ამან ათწლეულების განმავლობაში დაგვტოვა გახლეჩილი.

“მე შევადგინე წერილი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფაქტობრივად საქართველოს ყველა წინა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა. გზავნილი ასეთი იყო, რომ არ არის საჭირო იურიდიულ საკითხებში შესვლა და მსჯელობა, რომელი განაჩენი უნდა გასაჩივრდეს და რომელი არა. არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც მე არაერთხელ გამომიყენებია, ეს არის სასჯელის მოხდის გადავადება. ასეთი რამ ხდება, როდესაც განსაკუთრებული გარემოებებია და ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ფაქტობრივად წამებას უდრის. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სწორედ ასეთია. მისი ციხეში დატოვება ნიშნავს მისი წამების გაგრძელებას. მას რომ სისხლის სამართლის კოდექსის ყველა პუნქტი ჰქონდეს დარღვეული, სახელმწიფოს მაინც არ აქვს უფლება, რომ ის აწამოს.

გარდა ამისა, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც თავისი პირველი პრეზიდენტი მოკლა, რამაც ეს საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში დატოვა გახლეჩილი. თუ ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკებთ, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების ჩვენდამი დამოკიდებულების შეცვლის მხრივ, არამედ კატასტროფა თვითშეფასებაში. მე წესი მაქვს, რომ მოქმედ პრეზიდენტებს არასდროს ვაკრიტიკებ. თუმცა, ვიტყვი, რომ მე მის ადგილზე სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button