საერთაშორისო

თავდაცვის სამინისტრო – საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და „ჯაველინებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. https://1tv.ge/news/tavdacvis

როგორც სამინისტრო განმარტავს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა.

მათივე ცნობით, ასევე ათობით მილიონი დოლარია გადახდილი 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინის“ შესყიდვის მიზნით.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით, „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით.

საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.

რაც შეეხება უკრაინისათვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინულმა მედიამ გუშინ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა“. როგორც კასიანოვი სტატიაში აღნიშნავს, ასევე უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

ნახეთ მეტი
Back to top button