მთავარიპოლიტიკა

ერევანში სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა

ერევანში გაიმართა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით  გამოვიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:

„პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს მე-12 სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე, უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენ შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენ მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროს – ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა. დარწმუნებული ვარ, სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოებისა და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საპასუხო სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“:

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს. დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი.

ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები”, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა.

მთავრობის მეთაურმა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ინიციატივაზეც ისაუბრა.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button