პოლიტიკა

ევროკავშირი განათავსებს სამოქალაქო მისიას სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას სასაზღვრო რეგიონებში

ევროკავშირის საბჭომ თანხმობა მისცა სომხეთში (EUMA) საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში  განლაგდეს ევროკავშირის სამოქალაქო მისია. მისიის მიზანია ხელი შეუწყოს სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სტაბილურობისა და ნდობის ჩამოყალიბებას და შექმნას ხელსაყრელი გარემო ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„სომხეთში ევროკავშირის მისიის დაარსებით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ჩართულობის ახალი ეტაპი იწყება. ევროკავშირი გააგრძელებს დეესკალაციის მცდელობებს და მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ორივე მხარესთან, რათა დაამყაროს მდგრადი მშვიდობა რეგიონში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა.

სომხეთის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMA განახორციელებს რეგულარულ პატრულირებას და მოახსენებს სიტუაციას, რაც გააძლიერებს ევროკავშირის ინფორმირებულობას ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ. მისია ასევე ხელს შეუწყობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესის ფარგლებში მედიაციის ძალისხმევას.

EUMA-ს პირველი ორწლიანი მანდატი ექნება, ოპერატიული შტაბი სომხეთში იქნება განთავსებული. სამოქალაქო მისიას სტეფანო ტომატი უხელმძღვანელებს. უახლოეს მომავალში ადგილზე ოპერაციების ხელმძღვანელი დაინიშნება.

2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრისას, სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდებისა და დსთ-ს ალმა-ატას 1991 წლის 21 დეკემბრის დეკლარაციის მიმართ, რომლითაც ორი სახელმწიფო აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტი. სომხეთი ასევე დათანხმდა განალაგოს  ევროკავშირის სამოქალაქო მისია აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ითანამშრომლოს ამ მისიასთან მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში.

2022 წლის 27 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმაღლესი წარმომადგენლისადმი მიწერილ წერილში ევროკავშირს მიიწვია სომხეთში სამოქალაქო მისიის განსათავსებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button