რუსეთმა აშკარად არასწორად გაიგო სომხეთში ევროკავშირის მისიის მიზანი – სტანო

ევროკავშირმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგება არ უნდა გახდეს რუსეთ-ევროკავშირის კონკურენციის ტყვე, განუცხადა „რია ნოვოსტს“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერმა პიტერ სტანომ.
მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციაზე სომხეთში რეგიონული დარეგულირების მიზნით ევროპული მისიის დაწყებასთან დაკავშირებით.
სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდება, როცა ფიქრობს, რომ ევროკავშირის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოგვარების საქმეში რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
„რუსეთმა აშკარად არასწორად გაიგო ამ მისიის მიზანი და აგრძელებს არასწორ შეფასებას ევროკავშირის ჩართულობის შესახებ რეგიონში. რაც მთავარია, ეს არ არის რუსეთის საქმე. ევროკავშირის მისია სომხეთის ხელისუფლების თხოვნით და თავისუფალი გადაწყვეტილებით დაიწყო.
რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამ საკითხზე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანაც არის კონტაქტში“, – განმარტა მან და დასძინა, რომ ევროკავშირმა იცის რუსეთის როლის შესახებ 2020 წლის ნოემბერში შეტაკებების დასრულების საქმეში.
„ეს მისია არის სამოქალაქო და იქნება მთავარი ელემენტი, რათა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ძალისხმევას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ეს როლი ევროკავშირმა ორივე მხარის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ იკისრა“, – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.