საზოგადოება

საბრალდებო წერილები ბაქოსა და ანკარას. დაქირავებულთა გამოყენების საკითხებით გაეროს სამუშაო ჯგუფი ანგარიშს წარადგენს

სომხეთში იმყოფება დაქირავებულთა გამოყენების საკითხებით გაეროს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეწვია სიუნიქის რეგიონს. დედაქალაქში ექსპერტები მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. სამუშაო ჯგუფი თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2023 წლის სექტემბერში წარუდგენს.

ამ დღეებში სომხეთში იმყოფება დაქირავებულთა გამოყენების საკითხებით გაეროს სამუშაო ჯგუფი. სომხეთში 8-დღიანი ვიზიტის დროს დაქირავებულთა, კერძო სამხედრო და დაცვის კომპანიების გამოყენების საკითხებით გაეროს სამუშაო ჯგუფმა შეაგროვა ინფორმაცია იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესახებ, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევენ დაქირავებულთა ქმედებებს. ჯგუფმა ასევე მხედველობაში მიიღო  კერძო დაცვის კომპანიების საქმიანობა და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე.

ვიზიტის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კაპანში გამართულ სასამართლო მოსმენების დროს ბრალი წაუყენეს ორ სირიელ დაქირავებულს. ორივეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ექსპერტების წინასწარ დაკვირვებებს წარმოგიდგენთ ჯგუფის ხელმძღვანელი რავინდრან დანიელი.

„რეგიონის პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა დაქირავებულთა დამადანაშაულებელი საკანონმდებლო დებულებები, საომარი მოქმედებების დროს ადგილის მქონე სისასტიკეში მონაწილეობისთვის. ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ამ საკანონმდებლო რეგულაციების იმპლემენტაცია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპებზეა და მოუწოდებენ სრ სასამართლო ხელისუფლებას, მომავალში მხედველობაში მიიღოს მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები“.

სირიის ორი მოქალაქე გაასამართლეს აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ გაჩაღებულ სამხედრო ოპერაციებში დაქირავებულ-ტერორისტებად მონაწილეობისთვის. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მუჰრაბ მუჰამმად ალ-შხერი და იუსეფ ალაბეთ ალ-ჰაჯი, მატერიალური ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ 2020 წლის 27 სექტემბერს გაჩაღებულ აგრესიულ ომში, რომლის დროსაც მათი ქმედებები მიმართული იყო სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების და იმ პირების განადგურებასა ან სხეულის სერიოზული დაზიანების მიყენებაზე, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობდნენ შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო ოპერაციებში. დაქირავებულთა არსებობის შესახებ ინფორმაცია გაეროს სამუშაო ჯგუფმაც მიიღო და ამ ფაქტს გამოეხმაურა 2020 წელს.

„ჩვენი სამუშაო ჯგუფის მანდატი საკმაოდ ფართოა. მის ფარგლებში ვახორციელებთ ვიზიტებს ქვეყნებში და შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ამ დროისთვის ჩვენთან არსებული ინფორმაცია ეხება 2 დაქირავებულს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ, ბრალი წაუყენეს. დაქირავებულებთან შეხვედრა დღემდე ვერ მოვახერხეთ, იმედი გვაქვს, ანგარიშის საბოლოო გამოქვეყნებამდე დამატებით ინფორმაციას მივიღებთ“, – ამბობს სამუშაო ჯგუფის წევრი ელენა აპარაქი.

დამატებითი ინფორმაციის შეგროვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფი თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2023 წლის სექტემბერში წარუდგენს.

სპეციალური პროცედურების ექსპერტები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე. ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს. ისინი დამოუკიდებელნი არიან ნებისმიერი მთავრობისა თუ ორგანიზაციისგან და ემსახურებიან თავიანთი შესაძლებლობების ოდენობით. სამუშაო ფაქტების დამდგენი ჯგუფის ქმედებები რაიმე სამართლებრივ შედეგს არ გულისხმობს. მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანი პრობლემების უფრო თვალსაჩინო გახდომაა, განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რავინდრან დანიელმა. მან ასევე განაცხადა, რომ დასკვნის შედეგად მათ საბრალდებო წერილები გაუგზავნეს როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს. გარდა ამისა, მათ გამოთქვეს აზერბაიჯანში წასვლის სურვილი, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. დაქირავებულთა გამოყენების საკითხებით სამუშაო ჯგუფი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი საშუალება შეიქმნა 2005 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ. 2022 წელს ჯგუფის მანდატი დასრულდა. ჯგუფი შედგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტისგან.

ნახეთ მეტი
Back to top button