მთავარისაზოგადოება

მშვიდობა, რომელიც სხვებს სურთ, არ ემთხვევა ჩვენს მიერ ნასურვებ მშვიდობას. ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა გფრ-ში ვიზიტის შეჯამებისას,  აღნიშნა, რომ ის მას ეფექტურად მიიჩნევს. „ჩვენ გვქონდა ღია საუბარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან და პრეზიდენტთან. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, რომ უკეთ გაგვეგო ჩვენი გერმანელი პარტნიორების შეხედულებები და აღქმა სომხეთის რესპუბლიკის მიმართ, გვეცადა, რომ ჩვენი პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით უფრო გასაგები ყოფილიყო.

ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან თბილი შთაბეჭდილებებით დავბრუნდები. შეხვედრებმა მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, მათ შორის ბუნდესტაგში გამართული შეხვედრა, ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრა. ასევე, ცოტა ხნის წინ თბილი შეხვედრა გავმართეთ ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან, გუშინ კი კარგი საჯარო შეხვედრა გაიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში.

ზოგადად, არ მინდა ნაადრევი დასკვნების გამოტანა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, როცა ვაკვირდებით ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ევროსაბჭოს რეზოლუციებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩვენი პარტნიორების განცხადებებს, არის გარკვეული ცვლილება აღქმაში ჩვენი შეხედულებების, ჩვენი პოზიციების, ჩვენი პრობლემების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩვენი ქვეყნის აღქმა ევროკავშირში.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ დღეს გარანტირებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამ პირობებში, როცა ხდება გეოპოლიტიკური მიწისძვრები და გადაწყვეტილებები. ამ პირობებში ჩვენ ძალიან სახიფათო გარემოში ვართ.

მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ასევე გვაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ უსაფრთხოების გარემოს მართვის თვალსაზრისით. მშვიდობის დღის წესრიგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვენთვის ადვილი ამბავი არ არის. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი რისკია, გვესმის, რომ ე.წ. მშვიდობა მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. სხვებსაც უნდა სურდეთ, სხვებსაც სურთ, მაგრამ მშვიდობა, რომელიც სხვებს სურთ, არ ემთხვევა ჩვენს მიერ ნასურვებ მშვიდობას და დიპლომატიური პროცესის მთელი მიზანი და აზრი უნდა იყოს ის, რომ ამას ადგილი ჰქონდეს.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულ და სახიფათო პერიოდში ვართ. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სერიოზულობა და მოქნილობა, რათა დავძლიოთ არსებული გამოწვევები.

ჩვენ არ გვაქვს ღრმა ეკონომიკური პრობლემები, არ გვაქვს პრობლემები შიდა უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კუთხით. ხალხს, როგორც აქვს, ასევე ექნება უფლება და შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი არჩევანითა და ხმის მიცემით. ჩვენი პრობლემები საგარეოა, ჩვენი პრობლემები დაკავშირებულია გარე გარემოსთან და უსაფრთხოებასთან და ამ შეშფოთებას, პირველ რიგში, საერთაშორისო პლატფორმებზე ვიზიარებთ.

ამ პირობებში ჩვენ არ გვაქვს კარგი ამბები, მაგრამ ცუდ გარემოში კარგი ამბავი ის არის, რომ გარკვეული საერთაშორისო ყურადღება მიმართულია სომხეთსა და რეგიონზე და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყურადღების გამოყენება გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისა და მშვიდობის მისაღწევად რეგიონში“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა უპასუხა დამსწრეთა კითხვებს, რომლებიც ეხებოდა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს მთიან ყარაბაღში, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და სხვა თემებს.

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი გფრ-ში დასრულდა.

ნახეთ მეტი
Back to top button