საერთაშორისო

ყიფიანის გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანის ადვოკატობაზე უარი თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა. ამის შესახებ როგორც netgazeti.ge წერს, მან დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყიფიანის „ჩახსნა“ კონკრეტული მიზეზების გამო მოხდა. თუმცა  კობახიძე არ აკონკრეტებს რა მიზეზებზეა საუბარი.

„ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია, ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ის პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყოფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის, ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.

ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი.  თუმცა ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ალბათ, მხარეები გააკეთებენ კომენტარს. [ვიქტორ ყიფიანი] კანონის მიღებამდე ჩაეხსნა. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მიზეზების გამო მისი გათავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები“.

თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იყო, რომ „აგენტს“  უარყოფითი კონოტაცია არ ჰქონდა და ეს სტატუსი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდათ და მხოლოდ ორგანიზაციებს მიემართებოდა.

„არამარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ვერასდროს გახდები პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი. მთავარი მიზეზი, რის გამოც [ვიქტორ ყიფიანი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი] გაცილებით ბევრად უფრო მძიმე იყო, წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეს მიზეზი პირდაპირ არ უკავშირდება შვეიცარიულ ბანკთან დავას. მისი თქმით, მთავარია, რომ ყიფიანი ივანიშვილთან აღარ არის დაკავშირებული.

ნახეთ მეტი
Back to top button