ლაჩინის დერეფნის ბლოკადა უკანონო და არაადამიანურია – რასმუსენი
დღეს მე ვეწვიე ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს, რათა საკუთარი თვალით მენახა რა შედეგები მოჰყვა აზერბაიჯანის სომხეთის მიმართ განხორციელებულ აგრესიას. ამის შესახებ, როგორც News.am წერს, ჟურნალისტებთან საუბარში ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანიზაცია Rasmussen Global-ის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
„მე ვიყავი საოცარ ქალაქ ჯერმუკში, სადაც მერმა გვაჩვენა რა უარყოფითი შედეგები დარჩა ქალაქში აზერბაიჯანის არმიის თავდასხმის შემდეგ და როგორ იმოქმედა ამან ტურიზმზე. მანამდე ლაჩინის დერეფანს ვესტუმრე, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლია ყარაბაღსა და სომხეთს შორის. გასული წლის დეკემბერში ყარაბაღის სომხების სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა დაიკეტა. ლაჩინის დერეფნის ბლოკადა არის უკანონო და არაადამიანური“, – განაცხადა მან. რასმუსენის თქმით, ის ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფს შეხვდა და მათ მთიან ყარაბაღში არსებული კრიზისული ვითარების შესახებ ისაუბრეს. „ბლოკადა ნიშნავს, რომ საკვები და მედიკამენტები ძალიან მცირე რაოდენობით მიიღება და ეს ნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღში საკმარისი საკვები და მედიკამენტები არ არის. ჩვენ ვდგავართ ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, რომელიც შეიძლება ჰუმანიტარულ კატასტროფად იქცეს. ეს ბლოკადა არ არის ლეგალური. რამდენიმე კვირის წინ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა, უზრუნველყოს ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის გავლით. ეს გადაწყვეტილება სავალდებულოა და აზერბაიჯანი ვალდებულია გახსნას ლაჩინის დერეფანი. მივმართავ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მთიანი ყარაბაღის ბლოკადა“, – განაცხადა რასმუსენმა.