საზოგადოება

საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისთვის

JNEWS-ი წერს, რომ მასწავლებელთა მომზადების ეროვნულ ცენტრთან და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით ახალი პროექტი „საკვირაო სკოლა ეროვნული უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისთვის“ ამოქმედდა.

პროექტი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს დაეხმარება. მისი მიზანი საკვირაო სკოლაში არაქართულენოვანი მოსწავლეების დასაქმება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერება და კულტურული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა.

სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის უკეთ ათვისებაში დაეხმარებიან. პროგრამა საკვირაო სკოლაში მომუშავე სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.

JNEWS-თან საუბარში პროგრამის კოორდინატორმა ნინო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები შეარჩიეს, რომლებიც აქტიურობითა და პროფესიული უნარებით გამოირჩეოდნენ.

„პროგრამის მიზანი სტუდენტების აზროვნების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაციის უნარების, კულტურული და შემოქმედებითი უნარების განვითარების სტიმულირება, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების პროფესიული განვითარება და დასაქმებაა.

პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი მასწავლებელია ვარდუი კურგინიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. შეთავაზება მიიღო და ახალქალაქის თუმანიანის N1 სომხურ სკოლაში საკვირაო მეცადინეობებს ატარებს.

„გაკვეთილები ქართულად მიმდინარეობს. პროგრამაში მე-7-მე-11 კლასების წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებსაც კარგად ესმით ქართული და გაკვეთილებზე კომუნიკაციისა და გაგების პრობლემა არ ექმნებათ. თავად პროგრამაც ძალიან საინტერესოა. ის ბავშვებში კრიტიკულ აზროვნებას, ქართული ენის სასაუბრო დონეს ავითარებს. ვინაიდან მოსწავლეები თავიანთ აზრს ქართულად გამოთქვამენ, ჯგუფურ აქტივობებსაც ვატარებთ, რაც თავის მხრივ ერთად მუშაობის უნარს ავითარებს“, – განმარტავს ვარდუი კურგინიანი.

აღნიშნავს, რომ პროგრამა ყველა სკოლაში უნდა განხორციელდეს, რადგან იგი სწავლების ეფექტურ და განსხვავებულ მეთოდს გულისხმობს.

ნახეთ მეტი
Back to top button