საზოგადოება

რუსეთის მიერ დეზერტირობისთვის ძებნილი რუსი გაათავისუფლეს:    “თავისუფლება”

რუსეთის მიერ დეზერტირობისთვის ძებნილი 23 წლის რუსი მამაკაცი რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ  გაათავისუფლეს, იუწყება სომხეთის გენერალური პროკურატურა და დასძენს, რომ მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხი შეიძლება განიხილებოდეს,  ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მიღების შემდეგ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ექსტრადიციისათვის საკმაო საფუძვლები, წერს „თავისუფლება“.

ერევანში დაკავებული რუსის შესახებ სომხეთის პოლიციამ ცნობა გაავრცელა  და აღნიშნა, რომ აღმოჩენის შესახებ შეატყობინეს ძებნის ინიციატორს და პროკურატურას. თუმცა, უცნობია, 23 წლის მამაკაცი მობილიზებულია თუ რიგითი ჯარისკაცი.

„სომხეთსა და რუსეთს შორის არის შეთანხმებები კრიმინალების ექსტრადირებაზე, თუ ისინი პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება. მაგრამ გარკვეული გაგებით, ახლა ყველანი პოლიტიკური ლტოლვილები ვართ, რადგან რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შედეგად ყველანი სომხეთში აღმოვჩნდით“, – ამბობს „ნოვაია გაზეტას“ ევროპელი კორესპონდენტი.

„ნოვაია გაზეტას“ ევროპელი კორესპონდენტი იან შენკმანი ერთი წელია სომხეთში ცხოვრობს. გაზეთის რედაქციამ გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინის თავდასხმა უკრაინაზე, რის შემდეგაც მოსკოვის სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ ლიცენზია გააუქმა გასული წლის სექტემბერში, ფაქტობრივად აკრძალა მისი გამოცემა რუსეთში. შენკმანი ამბობს, რომ მართალია, სომხეთში რუსებზე ზეწოლა არ ხდება, მაგრამ დიდი შიშია, რომ  ერთ დღეს ესეც მოხდება. გასული წლის განმავლობაში ჟურნალისტმა უკვე შენიშნა, რომ ერევანში რუსული სპეცდანიშნულების რაზმის მრავალი წარმომადგენელიც არის, რომლებიც რუსებს დევნიან. „ისიც ვიცი,  როგორ გამოიყურებიან“, – ამბობს ჟურნალისტი.

„სომხეთი ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის წნეხს, მაგრამ ბოლო მომენტში ეშინია და უკან იხევს, ეს არის შიშის რეაქცია. და ეს დაპატიმრება, ჩემი მონაცემებით, მეორეა, პირველიც დეზერტირობისთვის იყო“, – თქვა შენკმანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button