ეკონომიკა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

NewsOn.ge წერს, რომ ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, მან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი 16 ჰა ფართობზე 40 000 ძირი ლურჯი მოცვისა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფნის სარგავი მასალის შეძენა-გაშენებას, ჭაბურღილი და სარწყავი სისტემებით მოწყობასა და მიწის დამუშავებას, ტორფის შეძენასა და ტერიტორიის შემოღობვას მოხმარდა.

აჭარა აგროჯგუფი მიმდინარე სეზონზე მოცვის 4 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქცია სრულად ქართულ ბაზარზე რეალიზდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად — საზღვარგარეთის ბაზრებზე. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

“ბაზისბანკთან პარტნიორობით, 22 ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღი. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზისბანკსა და ჩვენ შორის პარტნიორული თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ”, — აღნიშნა შპს აჭარა აგროჯგუფის დირექტორმა, ზურაბ დუმბაძემ.

“კენკროვანი კულტურების, კერძოდ კი მოცვის გაშენება საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს, აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ, განვავითაროთ თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებას ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება”, — განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button