როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლები სომხეთის ტერიტორიაზე განლაგდნენ, აზერბაიჯანი ცდილობდა მათ დისკრედიტაციას ან ეჩვენებინა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები სათანადოდ ვერ შეასრულებენ თავიანთ მისიას. როგორც News.am იტყობინება, ამის შესახებ „სივილნეტთან“ ინტერვიუში აღნიშნა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
„ბუნებრივია,სოფელ ტეღთან მომხდარი ეს ინციდენტი მიმართულია ევროკავშირის დამკვირვებლებზე, რადგან მოლოდინი არის, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგება აზერბაიჯანისთვის შემაკავებელი იარაღი იქნება. თუმცა, აზერბაიჯანი აგრძელებს როგორც სამხედრო რიტორიკას, ასევე პროვოკაციების ორგანიზებას. ეს ბუნებრივად გვაღელვებს, აწუხებს ბრიუსელს. ჩვენ ველით, რომ ბრიუსელი მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა აზერბაიჯანმა არ გამოიყენოს ცრუ საბაბები, როგორც ეს იყო სოფელ ტეღის შემთხვევაში, პროვოკაციის მოსაწყობად“, – განაცხადა მან.
არმენ გრიგორიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის დღის წესრიგში დგას საზღვრების გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფა. „ვფიქრობ, ეს ასევე უნდა იყოს ბრიუსელის დღის წესრიგშიც, რათა გავიგოთ, როგორ ვრეაგირებთ სიტუაციაზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომ გარეშე ძალების არსებობა სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა უპასუხა, რომ „რუსეთის ყოფნა სომხეთის საზღვრებში 1990-იანი წლებიდან იწყება და დესტაბილიზაციის მრავალი შემთხვევა ყოფილა. ჩვენი რწმენაა, რომ თუ იქნება დამატებითი ძალისხმევა, ევროკავშირის დამკვირვებლებს შეუძლიათ შექმნან შესაძლებლობა სტაბილურობისათვის“.