მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ქმედებების ზუსტ შეფასებას ითხოვს

ვითარება რეგიონში კვლავ დაძაბულია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„მიზეზი არის ის, რომ, მიუხედავად შეთანხმებებისა, აზერბაიჯანი აგრძელებს ძალის გამოყენებისა და ძალის მუქარის პოლიტიკას, მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას სომხეთის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში და ლაჩინის დერეფანში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს დაყენების შესახებ და ბლოკადა, რომელიც მას წინ უძღოდა, არის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების და 2023 წლის 22 თებერვლის იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა.

„ოთხი თვეა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას მოკლებულია თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. მეტიც, აზერბაიჯანმა შეაფერხა არცახის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება, საკვები მიეწოდება ტალონებით, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი“, – განაცხადა  ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს სიტუაციის მკაფიო და მიზანმიმართული შეფასება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ზემოაღნიშნული ქმედებები არის მზადება მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდისთვის.

„ამ კონტექსტში, საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღში აუცილებლობაა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად ყველა სირთულისა, სომხეთის მთავრობამ მიიღო მშვიდობის დღის წესრიგი“. „მიგვაჩნია, რომ მშვიდობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს, ის არა მხოლოდ მიზანია, არამედ საშუალებაა რეგიონის ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button