საერთაშორისო

„თურქული გზა“ გადის ყარაბაღზე –   ჩავუშოღლუმ ბაქო კილიჩდაროღლუსგან „დაიცვა“

როგორც Factor.am-ი წერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც აგრესიული რიტორიკით აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას, გადაწყვიტა აზერბაიჯანი დაიცვას ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთობლივი კანდიდატის ქემალ კილიჩდაროღლუსგან. ჩავუშოღლუმ დღეს ანტალიის ხელოსანთა პალატის საკავშირო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კილიჩდაროღლუს წარმოდგენილ „თურქულ გზაზე“ ისაუბრა. „პოლიტიკა, რომელსაც დღეს თურქეთი მიჰყვება, არის გონიერების გზა, საღი აზროვების  გზა, მშვიდობის გზა, ყირიმელი თათრების და მესხეთის თურქების დაცვის გზა. თურქეთის გზა შუა დერეფანში გადის. თურქეთის გზა  გადის ყარაბაღზე, ზანგეზურზე. კილჩდაროღლუმ წარმოადგინა აზერბაიჯანის გვერდის ავლის რუკა. თუ აზერბაიჯანს შემოუვლით, ჩვენს სატვირთო მანქანებს საზღვრებთან რამდენიმე დღის ლოდინი მოუწევთ, ამ  გზის დასასრული იქნება დაღმართი.  ძმაო, რა გინდა აზერბაიჯანისგან?“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ. მან აღნიშნა, რომ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას, რომლის დამფუძნებელი მუსტაფა ქემალ ათათურქია, შექმნის დღიდან „პრობლემები აქვს აზერბაიჯანელ ძმებთან“. „არის აზერბაიჯანი, თურქმენეთი, თუ მათ გვერდს ავუვლით, უკვე  სულ სხვა მარშრუტია. ვის ემსახურებით? ვინ მოგცათ ეს რუკა, ვინ მოგატყუათ? ისინი ისწრაფვიან ქვეყნის მართვისაკენ. ასეთი რამ არ მოხდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავამატოთ, რომ ადრე ქემალ კილიჩდაროღლუმ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით “არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი, ეს არის თურქული გზა”. მან აღნიშნა, რომ ისტორიული აბრეშუმის გზა ხელახლა გაიხსნება და გამოაცხადა, რომ ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა აზიასა და ევროპას შორის, 5500 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზით. „ეს პროექტი სახმელეთი გზით  თურქმენეთს, უზბეკეთს და ყაზახეთს დააკავშირებს თურქეთის პორტებთან. თურქეთი გახდება თურქული სამყაროს ზღვის კარიბჭე“, – განაცხადა კილიჩდაროღლუმ. ამ პროექტმა ბაქოს აღშფოთება გამოიწვია, რადგან მასში აზერბაიჯანი არ შედის. ამან კიდევ უფრო გააძლიერა აზერბაიჯანის ხელისუფლების კამპანია თურქული ოპოზიციის წინააღმდეგ. დავამატოთ, რომ თურქეთში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან აზერბაიჯანის მთელი სახელმწიფო პროპაგანდა, ისევე როგორც თურქეთში მოქმედი ბაქოს მიერ დაფინანსებული მედია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კამპანიის მხარდაჭერით არის დაკავებული. ამ კამპანიას პირადად შეუერთდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც 29 აპრილს ანკარაში წავიდა და არჩევნებში ერდოღანის მხარდაჭერა გამოაცხადა. ამის შედეგად თურქულ საზოგადოებაში თავი იჩინა უკმაყოფილებამ, რომ ოფიციალური ბაქო ერევა თურქეთის საშინაო საქმეებში.

ნახეთ მეტი
Back to top button